1798 წლის 19 მაისს საფრანგეთის რესპუბლიკის „აღმოსავლეთის არმია“, გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით ტულონიდან და სხვა პორტებიდან გავიდა. ფრანგებმა რამდენიმე დღეში კუნძული მალტა დაიკავეს. მათი მთავარი მიზანი იყო ეგვიპტე – ათასობით კილომეტრით დაშორებული აღმოსავლური ქვეყანა, რომელიც ფორმალურად ოსმალეთის სულტანს ემორჩილებოდა, ფაქტობრივად კი მამლუქი ბეგები მართავდნენ. ფრანგებმა ელვის სისწრაფით გადალახეს ხმელთაშუა ზღვა, უკვე 2 ივლისს მათ აიღეს ალექსანდრია… როგორც ეგვიპტელი ისტორიკოსი ალ-ჯაბართი წერს: „ქალაქში გამოაცხადეს „ამანი“ და აღმართეს საკუთარი დროშები“.

საფრანგეთში ეგვიპტის დაკავების საკითხი ახალი არ ყოფილა, ჯერ კიდევ 1670-იან წლებში, როდესაც ფრანგები ჰოლანდიას ეომებოდნენ,  გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი ურჩევდა  ლუდოვიკო XIV-ს დაეპყრო ეგვიპტე, გზა გაეკვალა ინდოეთისკენ და ხელში ჩაეგდო აღმოსავლეთში ვაჭრობის სადავეები. ასე უფრო ადვილად დააამარცხებდა საფრანგეთი ჰოლანდიას.

ამჯერად ფრანგების მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა ინგლისი. საფრანგეთი ეგვიპტის დაკავებით შეიძენდა მდიდარ კოლონიას და საქონლის გასაღების ბაზარს, დაემუქრებოდა ოსმალეთის იმპერიას,ხმელთაშუაზღვაში დომინანტობას მოიპოვებდა, შექმნიდა პლაცდარმს ინდოეთზე სალაშქროდ და რაც ყველაზე მთავარია – მოსპობდა ინგლისის მონოპოლიას მსოფლიო ბაზრებსა და კოლონიებზე. ეს კი ინგლისის სამრეწველო და პოლიტიკურ დაქვეითებას ნიშნავდა.

სამხედრო კამპანია 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და იგი სრული კრახით დასრულდა – 1801 წლის სექტემბერში ფრანგი ჯარისკაცები ეგვიპტეს ტოვებენ.

ნაპოლეონის არმია დაახლოებით 50 000 ჯარისკაცს ითვლიდა, რომელთა შორის იყო ბევრი მეცნიერი, ხელოვანი და თარჯიმანი. ექსპედიციის ხელმძღვანელმა ეგვიპტური კამპანიის მთავარ მიზნად გამოაცხადა  ეგვიპტელების განთავისუფლება მამლუქთა ტირანიისგან და ამ ქვეყანაში განმანათლებლობისა და პროგრესის შეტანა.

 

 ექსპედიციის მომზადება

 

სამხედრო ექსპედიციის მომზადების პარალელურად კორსიკელმა გენერალმა ენერგიულად დაიწყო სამეცნიერო კორპუსის დაკომპლექტებმა და  სათანადო ატრიბუტებით აღჭურვა.  ნაპოლეონი მეცნიერების  ქომაგი იყო და ამ სფეროს განვითარებაში  ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. 1797 წლის 25 დეკემბერს იგი აირჩიეს საფრანგეთის ინსტიტუტის წევრად (ფიზიკა-მათემატიკის განყოფილება). საფრანგეთის ინსტიტუტი იყო ქვეყნის უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება. ის შეიქმნა 1795 წელს და ჩაანაცვალა მონარქიის პერიოდში არსებული აკადემია.  ფრანგი ისტორიკოსი ალბერ ვანდალი აღნიშნავს, რომ ეს ინსტიტუტი იყო მეოთხე ხელისუფულება ქვეყანაში დირექტორიისა და საკანონმდებლო საბჭოების  შემდეგ. ძალიან ხშირად ამ ინსტიტუტის წევრებს „უკვდავების“ სახელითაც კი მოიხსენიებდნენ.

ნიშანდობლივია, რომ ნაპოლეონ ბონაპარტი ცხოვრების ბოლომდე ამაყობდა საკუთარი სამეცნიერო სტატუსით და მნიშვნელოვან დოკუმენტებში ის მოიხსენიებოდა, პირველ რიგში, როგორც „ეროვნული აკადემიის წევრი“. გენერალს ხშირად განუცხადებია, რომ შეეძლო ცნობილი მათემატიკოსი გამხდარიყო, რომ არა სამხედრო და პოლიტიკური კარიერა.

ნაპოლეონის ინსტიტუტის წევრად არჩევიდან, სამხედრო კამპანიის  დაწყებამდე პერიოდში მიმდინარეობდა დაუღალავი შრომა სამეცნიერო ექსპედიციის მოსამზადებლად.  ეს პროცესი უმკაცრესად გასაიდუმლოებული იყო, იმდენად გასაიდუმლოებული, რომ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრსაც არ ჰქონდა ამაზე ინფორმაცია…

ბონაპარტმა დროის მცირე მონაკვეთში შექმნა მეცნიერთა და ხელოვანთა კომისია, რომელშიც შეიყვანა მათემატიკოსები, ქიმიკოსები, მხატვრები, ლიტერატორები, ეკონომისტები და ა.შ.

რესპუბლიკის დირექტორია არაფერს იშურებდა საშიში მეტოქის სურვილების დასაკმაყოფილებლად და საფრანგეთის საზღვრებიდან ძალიან შორს გასასტუმრებლად. საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოყო საჭირო ხალხი და ექსპედიციისთვის აუცილებელი სამეცნიერო ინვენტარი. ინსტიტუტის წევრებმა დაიწყეს ლიტერატურის შეგროვება აღმოსავლეთის შესახებ. წიგნების შესაძენად დაიხარჯა 25 ათას ლივრზე მეტი. ექსპედიციის ბიბლიოთეკა შედგებოდა 600-მდე ტომისგან, რომელთა უდიდესი ნაწილი თავად ნაპოლეონმა აარჩია. სამეცნიერო ინვენტარისა და ატრიბუტების შესაძენად 200 000 ლივრზე მეტი დაიხარჯა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა იმ დროს.

 

სამეცნიერო ექსპედიციის წევრები

 

ესპედიციაში შევიდნენ საკმაოდ ცნობილი მეცნიერები და ხელოვანები:

გასპარ მონჟი (1746-1818) – ცნობილი ფრანგი მათემატიკოსი, გეომეტრი, პოლიტიკური მოღვაწე, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გახდა იაკობინელთა ბანაკის წევრი და მინისტრის პოსტსაც იკავებდა. დაარსა პოლიტექნიკური სკოლა. ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა ასწავლიდა ფიზიკას.  მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ინსტიტუტის დაარსებაში. იყო აქტიური ბონაპარტისტი, რის გამოც 1814 წელს დაკარგა რიგი პრივილეგიები, და მალევე საერთოდ გარიცხეს ინსტიტუტიდან.

კლოდ ლუი ბერთოლე (1748-1822) –  ფრანგი ქიმიკოსი ქიმიური წონასწორობის შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი. ლავუაზიესთან და სხვა მეცნიერებთან ერთად დაამუშავა ქიმიური ნომენკლატურა.

დეოდა დე დოლომიე (1750-1801) – ფრანგი გეოლოგი და მინერალოგი. მის საპატივცემლოდ ეწოდა ერთ-ერთ მინერალს „დოლომიტი“

ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე (1768-1830) – ცნობილი მათემატიკოსი. მის სახელს ატარებს მრავალი მათემატიკური თეორემა და ცნება.

პიერ-ჟოზეფ რედუტე (1759-1840) – ფრანგი მხატვარი და ბოტანიკოსი. ბოტანიკური ილუსტრაციების ოსტატი.

დომინიკ  ვივან-დენონი (1747-1825) – ფრანგი მხატვარი. ლუვრის მუზეუმის პირველი დირექტორი.

სულ ექსპედიციაში 150-ზე მეტი წევრი იყო: ასტრონომები, ქიმიკოსები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ინჟინრები, ნატურალისტები, მხატვრები, პოეტები, ექიმები და ა.შ ამ საზოგადოებაში მოხვდნენ სტუდენტებიც. ექსპედიციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 15 წლის იყო ხოლო ყველაზე მხცოვანი -56 წლის.

 

  1. „ვირები და მეცნიერები ცენტრში!“

 

1798 წლის 30 ივნისს ფრანგული ფლოტი უკვე ალექსანდრიის სანაპიროზე იყო. ნაპოლეონმა დაიწყო არმიის სწრაფა გადაყვანა სანაპიროზე, რადგანაც გაიგო რომ რამდენიმე საათის წინ ამ სანაპიროზე ინგლისური ხომალდები იყვნენ.

სამეცნიერო ექსდიციისთვის ეგვიპტეში შესვლა დანაკარგებით დაიწყო – უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ინსტრუმენტები და რესურსებით სავსე ერთ-ერთი გემი ჩაიძირა.

ალექსანდრიაში შესვლისთანავე ინსტიტუტის ტიპოგრაფიამ დაიწყო  მრვალარციხოვანი პროკლამაციების ბეჭდვა  ფრანგულ, არაბულ და თურქულ ენაზე. ეს პროკლამაციები მოუწოდებდა ეგვიპტელებს, რომ ფრანგები არიან მათი რწმენისა და ტრადიციების დამცველები და ეგვიპტის მიწაზე მოვიდნენ მხოლოდ მამლუქთა დასამარცხებლად.

სამეცნიერო კომისიის წევრებს ეგვიპტეში ნამდვილი სამოთხე დახვდათ, ყოველ ნაბიჯზე ისინი პოულობდნენ შეუფასებელ ისტორიულ ძეგლებს და მათ გულმოდგინედ აგროვებდნენ.

კომისისიის პატრონაჟი დაევალა გენერალ კაფარელის.

იყო შემთხვევები როდესაც ჯარისკაცები უკმაყოფილონი იყვნენ მეცნიერთა მუშაობით, რაც სამხედრო მოსამსახურეთა მძიმე საარსებო პირობებით იყო გამოწვეული, თუმცა ძირითადად ისინი დიდად ეხმარებოდნენ მეცნიერთა კომისიას. უფრო მეტიც, ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც საშიშორება იქმნებოდა სამხედრო ხელმძღვანელები გასცემდნენ ბრძანებას: „ვირები და მეცნიერები ცენტრში!“. სამეცნიერო კორპუსისა და ინვენტარის გარშემო იკვრებოდა სამხედროების წრე და იცავდა მას.

 

ეგვიპტის ინსტიტუტის დაარსება

 

კაიროს აღების შემდეგ ნაპოლეონმა  ბრძანა შექმნილიყო ისეთივე სამეცნიერო დაწესებულება ეგვიპტეში, როგორიც საფრანგეთში იყო. 1798 წლის 22 აგვისტოს დაარსდა ეგვიპტის ინსტიტუტი. ინსტიტუტის ხელმძღვანელად აირჩიეს გასპარ მონჟი, მის მოადგილედ კი ნაპოლეონი.

ინსტიტუტის ძირითადი მიზნები იყო: განმანათლებლობის შემოტანა ეგვიპტეში და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წახალისება; ეგვიპტის ისტორიის, კულტურის, გეოგრაფიის, ფლორისა და ფაუნის შესწავლა; სამეცნიერო კვლევების შედეგების პუბლიკაცია; საოკუპაციო ხელისუფლების რეფორმების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.

ინსტიტური გაიყო 4 ძირითად და რამდენიმე თემატურ განყოფილებად. სამეცნიერო სამუშაოების წახალისების მიზნით მეცნიერებს დაუწესეს 2 ყოველწლიური პრემია (ერთი ჰუმანიტარულ დარგში, მეორე ტექნიკურში).

ეგვიპტის ინსტიტუტი განთავსდა კაიროს სამხრეთ-დასავლეთ დაწილში, ერთ-ერთი თურქი მაღალჩინოსნის სასახლეში, ნაპოლეონის რეზიდენციასთან ახლოს. ფრანგებმა ამ სასახლეში მოაწყვეს  ტიპოგრაფია, ბიბლიოთეკა, ფიზიკის კაბინეტი, ქიმიური ლაბორატორია და ობსერვატორიაც კი.

სამწლიანი არსებობის განმავლობაში ინსიტუტმა ჩაატარა 48 სხდომა, სადაც განიხილებოდა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული თემები, დაწყებული მეტეოროლოგიიდან, დამთავრებული მედიცინით.

 

მეცნიერები არმიის სამსახურში და ნაპოლეონის რეფორმები

 

ბუნებრივია, პირველ რიგში მეცნიერები უნდა დახმარებოდნენ ფრანგ სამხედროებს. ნაპოლეონმა მათ კონკრეტული დავალებები მისცა: საჭირო იყო ეგვიპტის საკანონმდებლო  და საგადასახადო სისტემის მოწესრიგება. მეცნიერებს აგრეთვე დაევალათ მრავალი პრაქტიკული საქმე, მათ შორის ნილოსის წყლის გამტკნარება, არმიის პურით მოსამარაგებლად ღუმელების შექმნა, ლუდის დამზადება ადგილობრივი მცენარეების გამოყენებით და მრავალი სხვა.

ნაპოლეონის შეთავაზების შემდეგ არქიტექტორმა კონტემ კაიროში მოაწყო სახელოსნოები, რომელიც ემსახურებოდა ფრანგულ არმიას.

მეცნიერების დახმარებით აღადგინეს სარწყავი სისტემა, შენდებოდა წისქვილები, რამაც გამოიწვია სოფლის მეურნეობის განვითარება.

ეკონომისტები ეხმარებოდნენ სამხედრო მეთაურობას ეფექტურად წარემართად საფინანსო საკითხები. ბარტოლე ხელმძღვანელობდა საგადასახადო სისტემის მოწესრიგების საქმეს.

მეცნიერთა დახმარებით ნაპოლეონმა განახორციელა მრავალი რეფორმა ეგვიპტეში.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დიდი დივანის შექმნა, ეს იყო საკონსულტაციო საბჭო და მასში შევდინენ ალ-აზჰარის მეჩეთის მთავარი შეიხები, პროვინციათა ადმინისტრაციების ხელმძღვანელები და სხვა მაღლჩინოსნები.

ნაპოლეონმა შექმნა ძალიან ბევრი დეპარტამენტი და მათ სათავეში ჩაუყენა ფრანგი ოფიცრები, ამაგრებმდა ციხე-სიმაგრეებს, აშენებდა სამხედრო დასახლებებს, და ნაბიჯები გადადგა ევროპული კანონების შემოღებაში.

რა თქმა უნდა ეს ღონისძიებები მიმართული იყო ,პირველ რიგში, საოკუპაციო რეჟიმის გასაძლიერებლად, თუმცა მას ჰქონდა აშკარად პროგრესული შედეგებიც. მაგალითად, როდესაც დაინახეს  თუ როგორი დამოკიდებულება სუფევდა ევროპელ მამაკაცსა და ქალს შორის, როზეტას ქალებმა პეტიციაც კი გაუგზავნეს ნაპოლეონს.  ისინი ითხოვდნენ, რომ ადგილობრივი მამაკაცები ისევე მოქცეოდნენ ქალებს, როგორც ფრანგები!…

 

ეგვიპტოლოგიის სათავეებთან

 

სამეცნიერო კორპუსმა კვლევითი სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. მეცნიერები იკვლევდნენ ეგვიპტის  ფლორასა და ფაუნას, გეოლოგიას, მინერალებს, ფიზიკას, გეოგრაფიას. აგრეთვე ქვეყნის ისტორიას, დემოგრაფიასა და ხალხის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ერთ-ერთი პირველი რაც გაკეთდა იყო კალენდრის შექმნა. აღმოსავლური წელთააღრიცხვის სისტემის გამოკვლევის შემდეგ ასტრონომმა ბოშარმა წარმოადგინა ფრანგულ-ეგვიპტური კალენდარი. მალევე ეს სამუშაოები გაუმჯობესდა და გამოვიდა ალმანახი, რომელიც შეიცავდა საფრანგეთის რესპუბლიკის, რომაულ, ბერძნულ, კოპტურ და ისლამურ კალენდრებს.

ეგვიპტის ინსტიტუტის  წევრები სისტემატურად სწავლობდნენ  ტოპონიმებს, დემოგრაფიულ სიტუაციას, კულტურას, კომერციას, ზოოლოგიას, იკვლევდნენ კომუნიკაციის ხაზებს, ჰაერისა და წყლის თვისებებს და ა.შ

მასშტაბურად მოხდა ნილოსის თევზებისა,  წითელი ზღვის მინერალებისა და ეგვიპტის მცენარეების  შესწავლა. ქიმიკოსებმა შეისწავლეს უდაბნოს ქვიშის შემადგენლობა…

ეგვიპტეში მოხდა ძალიან ნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩნეები, მაგალითად გასპარ მონჟმა ამოხსნა მირაჟის ფენომენი.  ბარტოლემ გამოიკვლია კაუსტიკური სოდა, რომელსაც ძველი ეგვიპტელები მუმიფიცირების დროს იყენებდნენ.  ეტიენ ჟოფრუა სენტ-ილერმა გამოიკვლია ადგილობრივი ფაუნა და ზოოლოგიის დარგში დიდ წარმატებას მიაღწია.

რედუტე ხატავდა აფრიკულ ფლორასა და ფაუნას.  არქიტექტორები იკვლევდნენ არაბებისა და ძველი ეგვიპტელების უნიკალურ არქიტექტურას. ფრანგებმა  გიზას პირამიდების დაწვრილებითი აზომვა და აღწერა მოახდინეს.

ექსპედიციის მთავარი ქირურგმა, დომინიკ ლარეიმ სხვა მედიკოსებთან ერთად ჰოსპიტალი მოაწყო  ალექსანდრიაში, როზეტაში, დამიეტაში, კაიროში და გამოიკვლია ფრანგულ არმიაში გავრცელებულსხვადასხვა დაავადებათა გამომწვევი მიზეზები.

დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სტატიკსტიკასაც. მოხდა ქალაქების მოსახლეობის ძალიან დეტალური აღწერა.

ტიპოგრაფია პროკლამაციებთან ერთად ბეჭდავდა სხვადასხვა წიგნებს, მათ შორის ლექსიკონსა და გრამატიკას. ყურადღება ექცეოდა არაბული ენისა და დიალექტების კვლევასაც. გამოიცა ორი პერიოდული გამოცემა ფრანგულ ენაზე: „ეგვიპტური დეკადა“ და „ეგვიპტის კურიერი“.

ბუნებრივია, ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ძველი ეგვიპტის არქეიტექტურის, კულტურის, ისტორიისა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების შესწავლის კუთხით.

სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობდა კაიროში, გიზაში, ლუქსორში, კარნაკში, როზეტაში და ა.შ  ფრანგები იკვლევდნენ სამარხებს, მუმიებს, წარწერებს ტაძრებზე. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულადმისაწვდომი იყო,  ეგვიპტელები ცდილობდნენ მაქსიმალურად დაეცვათ ისინი  მძარცველებისაგან.

აქვე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს როზეტის ქვა –  ექსპედიციის ყველაზე დიდი მონაპოვარი. ეს არის ბაზალტის ფილა, რომელზეც ამოტვიფრულია წარწერები იეროგლიფური, დემოტური და ძველბერძნული დამწერლობით. ის აღმოაჩნა ფრანგული არმიის კაპიტანმა პიერ-ფრანსუა ბუშარმა 1799 წელს, ფორტ სენ-ჟულიენის აგების დროს.  ამ ქვას „როზეტის გასაღებს“ დაარქვეს, რამეთუ სწორედ მისი  მეშვეობით გახდა შესაძლებელი  იეროგლიფური დამწერლობის გაშიფრვა.

ზოგიერთი აღმოჩენა ეკუთვნის ნაპოლეონსაც, მაგალითად იმპერატორ ავგუსტუსის კამეა, რომელიც მან სრულიად შემთხვევით იპოვა.

ამრიგად, ფრანგმა მეცნიერებმა  ნიადაგი შეამზადეს ეგვიპტოლოგიისთვის.

 

 

სუეცის არხის პროექტი

 

   ნაპოლეონი ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავდა ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის  იმ არხის აღდგენას, რომელიც ოდესაღაც არსებობა.

1798 წლის ბოლოს ბონაპარტი მეცნიერებთან ერთად იწყებს არხის მიდამოების გამოკვლევას. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მონჟი და ბერტოლე, ინჟინერები: ლეპერი და კოსტაზი.

არხის პროექტის შექმნა უკავშირდება ლეპერს.მან განაცხადა, რომ წითელი და ხმელთაშუა ზღვათა დონეები განსხვავებული იყო. მის მიერ შექმნილი პროექტი ყველაზე ავტორიტეტული იყო მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა სქემებმა, ჩანახატებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფერდინანდ ლესეპსის მიერ მოგვიანებით ჩატარებულ სამუშაოებზე.

 

ზემო ეგვიპტის კვლევა

 

ნილოსის დელტის დამორჩილების შემდეგ ფრანგები იწყებენ ზემო ეგვიპტეში ლაშქრობას გენერალ ლუი დეზეს მეთაურობით. ამ კამპანიის საშიშროებიდან გამომდინარე, ინსტიტუტის წევრებიდან მხოლოდ მხატვარ დომინიკ ვივან-დენონს მისცეს უფლება გაჰყოლოდა დეზეს არმიას. დენონის მთავარი მიზანი იყო ზემო ეგვიპტეში არსებულ ძეგლთა ნახატების შექმნა.

დეზეს რამდენიმე თვე დასჭირდა სამხრეთ ეგვიპტის დასამორჩილებლად და აჯანყებების ჩასახშობად. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად დენონი ხატავდა. მას გასაოცარი სისწრაფით გადაჰქონდა ქაღალდზე უმშვენიერი ძეგლები და შეასრულა ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი სამუშაო.

როდესაც დეზე მივიდა ასუანამდე, დენონმა  დახატა ელეფანტინის კუნძლზე მდგარი ამენჰოტეპ III-ის საფლავი. მისი ნახატი გახდა  ერთადერთი წყარო, რომელიც აღბეჭდავს  ამ სამარხს…  1822 წელს ასუანის გუბერნატორის ბრძანებით სამარხის ქვები გამოიყენეს კაზარმების ასაშნებლად. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია დენონის ღვაწლის აღსანიშნავად. მიუხედავად იმისა, რომ დენონს არაფერი ესმოდა იეროგლიფებისა, საკმაოდ დიდი სიზუსტით შეძლო მათი გადმოტანა ქაღალდზე.

ნაპოლეონმა დააფასა დენონის შრომა. მისმა ნახატებმა ინტერესი აღძრეს სხვა მკვლევრებში, რომლებიც შეუდგნენ ზემო ეგვიპტის ძეგლების შესწავლას. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ დენონმა გამოსცა წიგნი „მოგზაურობა ზემო და ქვემო ეგვიპტეში“. ამ ნაშრომმა და მასში მოცემულმა უამრავმა ნახატმა ევროპელები გააოცა.

 

 

გაუსაძლისი პირობები

 

მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერების ცხოვრება ნამდვილად არ იყო იოლი, მათ გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა. კვლევითი სამუშაოების წარმოებისას ისინი მუდივად საფრთხეში იყვნენ, მაგალითად ლუქსორის სამარხის გამოკვლევისას ფრანგ არქეოლოგებს თავს დაესხნენ ყაჩაღები.ხშირად მეცნიერები საბრძლო მოქმდებებშიც მონაწილეობდნენ.

მეცნიერები სამხედროებს დაჰყვებოდნენ სამხედრო კამპანიის დროს. მათ უწევდათ ძალიან ოპერატიულად მუშაობა, რადგანაც სამხედრო მეთაურები არ აძლევდნენ დიდ დროს სამუშაოდ.

უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო ინვენტარების არქონა. ალექსანდრიის ნაპირზე გადასვლილსას დაიკარგა უამრავი მნიშვნელოვანი ხელსაწყო. კაიროს აჯანყების დროს გენერალ კაფარელის სახლში შენახული უძვირფასესი სამეცნიერო ატრიბუტები და წიგნები განადგურდა. ამის გარდა იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, რომელსაც ემსხვერპლა კვლევებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და წიგნები.

რა თქმა უნდა, ამას ემატებოდა აფრიკული ქვეყნის კლიმატი, რომელსაც ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო. მაგალითი, აღმოსავლეთმცოდნემ და ნაპოლეონის თარჯიმანმა ჟან მიშელ ვანტიურ დე პაროდიმ ვერ გაუძლო სირიიდან ეგვიპტეში მიმავალ გზას და გარდაიცვალა. მეცნიერები ემსხვერპლნენ კაიროს აჯანყებებს, საბრძოლო მოქმედებებსა და დაავადებებს.

საფრანგეთში ცოცხალ ვერ დაბრუნდა 32 მეცნიერი…

 

სამშობლოში დაბრუნება

 

ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად მონჟი, ბარტოლე და დენონი სამშობლოში ნაპოლეონთან ერთად დაბრუნდნენ.  როდესაც ბონაპარტმა სამშობლოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ხელისუფლებაში აკადემიკოსებიც მოიყვანა,  მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტი გახდა მათემატიკოსი და ასტრონომი პიერ- სიმონ ლა პლასი, სენატის წევრებად აიორჩიეს მონჟი, ბარტოლე, ვოლნეი და ა.შ.

ექსპედიციის ზოგიერთი წევრი დამოუკიდებლად ჩაჯდა გემში და სამშობლოსკენ აიღო გეზი, თუმცა ისინი ინგლისელებს ჩაუვარდათ ხელში და ძალია გვიან მიაღწიეს საკუთარ მიზანს.

გეოლოგი დეოდე დოლომიე ხელში ჩაიგდეს ინგლისელებმა და გადასცეს მალტის ორდენს. იგი ციხიდან საფრანგეთის ხელისუფლებამ დაიხსნა.

ასტრონომი ბოშარი მოხვდა კონსტანტინოპოლის ციხეში, სადაც გარდაიცვალა 1801 წელს.

უკანასკნელმა ფრანგმა ჯარისკაცმა და მეცნიერმა  ეგვიპტე დატოვა 1801 წლის სექტემბერში.

აღმოსავლეთიდან ჩამოსულ მეცნიერებს ფრანგები „ეგვიპტელებს“ უწოდებდნენ.

 

 „ეგვიპტის აღწერა“

 

ფრანგული არმიის კაპიტულაციის შემდეგ უამრავი  სკულპტურა, ფლორისა და ფაუნის ნიმუშები და სხვა უნიკალური რესურსები ინგლისელებს ჩაუვარდა ხელში. გენერალმა ჯონ ჰატჩინსონმა როზეტის ქვაც ლონდონში გააგზავნა და ინგლისის მეფეს აჩუქა. ფრანგები იბრძოდნენ საკუთარი მონაპოვრის გადასარჩენად და დიდი ნაწილი შეინარჩუნეს კიდეც, ხოლო იმას, რისი შენარჩუნებაც ვერ მოხერხდა, ასლები გადაუღეს. ყველა ამ მასალას მოწესრიგება სჭირდებოდა.

როგორც უკვე აღინიშნა. დენონმა დაწერა ძალიან რეზონანსული ნაშრომი – „მოგზაურობა ზემო და ქვემო ეგვიპტეში“, რომელიც გამოვიდა 1802 წელს. ნაშრომი შეიცავდა უნიკალურ ნახატებს: ეგვიპტის ქალაქების და სოფლების, ქალების და მამაკაცების, იეროგლიფების, ზღვებისა და კუნძულების, სახმელეთო და საზღვაო ბრძოლების, მამლუქების, მათი იარაღის, ცხენების, შეიხების და ფელაჰების, ეგვიპტელთა სამოსის, დაკრძალვის პროცესის, ძვირფასი სამარხების, მუმიების, სასახლეების, ბაღების და პალმების, აქლემების, სხვადასხვა ქვეწარმავლების, პირამიდების და ა.შ.

მეცნიერებმა საკუთარი ნაშრომები შეკრიბეს ერთ მონუმენტურ გამოცემაში, რომელიც  „ეგვიპტის აღწერის“ სახელითაა ცნობილი. ეს იყო უზარმაზარი ნაშრომი, ის სიდიდით და მნიშვნელობით უტოლდებოდა დენი დიდროს „ენციკლოპედიას“. მისი პირველი ტომი გამოვიდა 1809 წელს, ბოლო კი 1829 -ში.

პირველი გამოცემა დაიბეჭდა ნაპოლეონის დროს (1809-1813 წლებში). ტექსტს თან ახლდა მრავალფეროვანი ილუსტრაციები და ტოპოგრაფიული რუქები. მეორე გამოცემის მომზადების ბრძანება გასცა ლუი XVIII-მ  1820 წელს. მან ამისთვის  100 000 ფრანკი გამოყო.

„ეგვიპტის აღწერამ“ კიდევ უფრო გაზარდა აღმოსავლეთით დაინტერესება დასავლეთში.

 

 

შამპოლიონი

 

ნაპოლეონის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა და სათავე დაუდო ეგვიპტოლოგიას.

შამპოლიონმა ჯერ კიდევ ბავშობაში გამოავლინა ენებისა და აღმოსავლეთისადმი სიყვარული. როგორც ცნობილია, ის 16 წლის იყო, როდესაც 12 ენას ფლობდა, მათ შორის ებრაულს, არაბულს და კოპტურს. არასრულწლოვანი იყო, როდესაც გრენობლის აკადემიას წარუდგინა სამეცნიერო ნაშრომი „ეგვიპტე ფარაონთა დროს“.

1815 წელს ნაპოლეონი პირადად შეხვდა შამპოლიონს და ესაუბრა მის შრომებზე და აღმოსავლურ ენებზე. 1822 წელს შამპოლიონმა გაიფრა ეგვიპტური იეროგლიფები. ეს მოხერხდა როზეტის ქვის მეშვეობით. ამით შამპოლიონმა დაასრულა ერთი დიდი ეპოქა მეცნიერებაში და სათავე დაუდო ეგვიპტოლოგიას.

რომ არა ნაპოლეონის სამეცნიერო ექსპედიცია, სავარაუდოდ, იეროგლიფების გაშიფრვა დიდი ხნით დაიგვიანებდა…

 

 

გიორგი არქანია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“,#5 (64), 2016, აპრილი. გვ. 68-75.

Advertisements